საპარტნიორო ფონდის დირექტორსა და „ქართულ ოცნებას“ შორის არსებული დაპირისპირება ახალ მასშტაბს იძენს. ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ დღეს მმართველი პარტიის გადახალისების აუცილებლობაზე ისაუბრა და დაადასტურა, რომ გუნდში მისი გადადგომის მომხრეებიც არიან, თუმცა არსად წასვლას აპირებს.
საპარტნიორო ფონდი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მწვავე კრიტიკის ხშირი ადრესატი გახდა. დავით საგანელიძის უწყებას ელიტურ კორუფციასა და მილიონობით ლარის დაუსაბუთებელ განკარგვაში ადანაშაულებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფონდში აუდიტის სამსახურის შესვლაც მოითხოვეს. ეს მას შემდეგ, რაც „ფორმულას" ეთერში გასული „თავისუფლების მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიებით ცნობილი გახდა, რომ საპარტნიორო ფონდმა საიდუმლო კონტრაქტით, ლევან გაჩეჩილაძის ღვინის კომპანიის იდეა 7 მილიონი ლარით დააფინანსა.
საგანელიძის პოზიცია გასაკვირი არ აღმოჩნდა უმრავლესობის წევრებისთვის. ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ თუ გუნდში რამე პრობლემაა ამაზე ყველამ ღიად უნდა ისაუბროს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის „ქართული ოცნების“ წევრები ყველა კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.
რაც შეეხება ოპოზიციას, ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ საპარტნიორო ფონდიც და საპარლამენტო უმრავლესობაც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ.
"საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორმა დღეს თანამდებობის შესაძლო დატოვებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება.